31 ივლისიდან, სპეციალური რეგულაციებით, გულშემატკივარი ტრიბუნებზე დაიშვება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მოხდება, რომელიც 30 ივლისს დამტკიცდა.

გულშემატკივრები ტრიბუნაზე  2 სკამის გამოტოვებით,  დისტანცირებულად  განთავსდებიან. სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციების მიხედვით, სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს ორი თავისუფალი ადგილი, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს. ასევა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა.

სპორტულ ღონისძიებებზე სტადიონზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით საქართველოს მთავრობას სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა და გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა 2-ის მე-6 ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონი”, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, მარტვილის “მერანს” უმასპინძლებს. 

წყარო GFF