სიონის მთავარმა მწვრთნელმა გაზეთ “ლელოსთან” კლუბშ არსებულ კრიზისზე, მომავალ გეგმებსა და იმედებზე ისაუბრა…
————————————————————————————————————————–
ბოლნისის “სიონმა” ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშება კარგად დაიწყო. ახლა კი გუნდს ჩავადნის ხანა დაუდგა. ბოლო შეხვედრებში “სიონი” საკუთარ თავს აღარ ჰგავს და თამაშებს ერთმანეთის მიყოლებით აგებს. აგერ, ბოლო ტურშიც ბოლნისური კლუბი თბილისის “დინამოსთან” შინ 0:3 დამარცხდა, არადა, თავის დროზე შინ მოუგო…
გუშინ “ლელო” “სიონის” მთავარ მწვრთნელ თემურ შალამბერიძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა:
– ბატონო თემურ, ჩავარდნა ყველა კლუბს აქვს, მაგრამ ფაქტია, “სიონს” ეს ჩავარდნა ძალიან გაუგრძელდა. რას უნდა მივაწეროთ კრიზისი?
– ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, დავასახელებ ტრავმებსა და დისკვალიფიკაციებს. ისე აეწყო ყველაფერი, რომ ვეღარ ამოვისუნთქეთ. ისე წავიდა საქმე, გადავწყვიტე, დამეტოვებინა გუნდი, რადგან ჩავთვალე, რომ “სიონს” ახალი სისხლი სჭირდებოდა.
ეს ეხება არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ მთავარ მწვრთნელსაც. მივედი კლუბის ხელმძღვანელობასთან და პირდაპირ ვუთხარი ამის თაობაზე. სამი დღის განმავლობაში ვმსჯელობდით ამ თემაზე. მათი მხრიდან ძალიან დიდი ნდობა ვიგრძენი.
მითხრეს – ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გუნდი ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთო. მერე, მეც რომ დავფიქრდი, ასეთ ვითარებაში წასვლა აღარ ჩავთვალე მიზანშეწონილად. ისე კი, “სიონის” ხელმძღვანელობას ავუხსენი, რომ ჩემი წასვლა არ იქნებოდა ტრაგედია. უბრალოდ, ამ ეტაპზე ასეა და შევხედოთ ცოტა ხანს, რა და როგორ იქნება – თუ გამოსწორდა მდგომარეობა, ხომ კარგი, თუ არა და, ავდგები და წავალ-მეთქი. მწვრთნელის ბედი ასეთია, ის სულ ჩემოდნებზე ზის და არავინ იცის, ხვალ სად იქნება. ძალიან მესიამოვნა კლუბის დირექტორის, გია გიორბელიძის მხრიდან გამოჩენილი ნდობა.
იშვიათად ხდება, კლუბის ხელმძღვანელობა ამხელა ნდობას უცხადებდეს მწვრთნელს, რომელიც თავად ლაპარაკობს წასვლაზე…
– ფაქტია, გუნდს გაძლიერება სჭირდება. თუნდაც სათადარიგოთა სკამი ავიღოთ, იქაც კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტია…
– ეს ხდება ისევ და ისევ ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების გამო. არადა, ეს ისევ ის გუნდია, ტოლ-სწორად რომ ეთამაშებოდა ყველას და არაერთი კარგი მატჩიც ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატში… ცხადია, ვმუშაობთ გაძლიერებაზე. უკვე იცით, რომ ბათუმის “დინამოდან” დავიმატეთ მეკარე ოთო გოშაძე, “საბურთალოდან” – ბექა გვარაძე… შემიძლია მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “სიონში” ითამაშებენ ცენტრალური მცველი ზურაბ ჯაფიაშვილი “რუსთავიდან” და კიდევ ერთი ფეხბურთელი ბათუმის “დინამოდან” – რატი ცაცკრიალაშვილი. ჩვენ არ გვაქვს ამოუწურავი ფინანსური შესაძლებლობები, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, გუნდი გავაძლიეროთ. არიან წასულებიც. უკვე იცით, რომ “სიონი” დატოვეს თორნიკე ზარქუამ, დავით რაჟამაშვილმა, ლაშა მანაგაძემ და ლაშა ლეჟავამ. მალე ჩემპიონატში შესვენება დაიწყება და ვეცდებით, ის მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ.
– ამხანაგურ თამაშებს ჩაატარებთ?
– დიდი ალბათობით, რვა-ათდღიან შეკრებას მოვაწყობთ, შესაძლოა, ბოლნისშიც. გუნდში არაერთი ახალწვეულია და, ალბათ, სამი ამხანაგური მატჩი მაინც დაგვჭირდება მათ შესათამაშებლად.