გაზეთი “ლელო” “სიონის” მთავარ მწვრთნელს, დავით ქოქიაშვილს და მწვრთნელ გიორგი ოქრპირიძეს ფეხბურთის გაჩერებაზე, კარანტინზე და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.
ჟურნალისტ ალეკო კაკაურიძის მიერ მომზადებულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:
ბოლნისის “სიონმა” ლიგა 2-ის გათამაშება კარგად დაიწყო. არადა, დავით ქოქიაშვილის მიერ გაწვრთნილ გუნდს ფორსმაჟორულ ვითარებაში მოუხდა სეზონისთვის მომზადება. ახლა ამას დაერთო პანდემია, ფეხბურთის გაჩერება და ახლა უკვე კარანტინი. “ლელო” დაუკავშირდა “სიონის” მთავარ მწვრთნელს და ინტერვიუ ჩაწერა.
როგორ უმკლავდება ბოლნისი ამ გამოწვევას? ამ კითხვაზე “სიონის” სამწვრთნელო შტაბის ახალგაზრდა წევრმა გიორგი ოქროპირიძემ გვიპასუხა:
დავით ქოქიაშვილი: – ამ დროისთვის ჩვენი ფეხბურთელები სახლის პირობებში ვარჯიშობენ. სხვა გზა არ არის. ჩვენთვის და ყველასთვის უპირველესია ადამიანების ჯანმრთელობა!..
– როგორ ფიქრობთ, დიდი ხანი დასჭირდებათ ფეხბურთელებს ოპტიმალურ კონდიციებამდე მისაღწევად?
– ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს მოგვიწევს დასვენება, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი შრომა ჩაიყარა წყალში. რას ვიზამთ, ჩვენ ვერაფერს შევცვლით… ცხადია, ოპტიმალურ კონდიციებამდე მისვლას გარკვეული დრო დასჭირდება და კარგი იქნება, თუ გუნდებს ეს დრო მიეცემათ. ჩვენ გვიან დავიწყეთ სამზადისი ახალი სეზონისთვის, მაგრამ მაინც დიდი შრომა და ენერგია ჩავდეთ. ფაქტია, ფორსმაჟორულ ვითარებაში ვართ და გადაწყვეტილება კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა მიიღონ.
– “სიონმა” კარგად დაიწყო სეზონი. ამდენად, ალბათ არ ხართ მომხრე, რომ ჩემპიონატის განახლების შემდეგ, რა ფორმითაც უნდა გაგრძელდეს ის, ქულები განულდეს…
– მესმის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს. მე ჩემსას ვიტყვი – მიმაჩნია, რომ არ უნდა განულდეს ქულები, რადგან ჩვენ მათ მოპოვებაში დიდი შრომა ჩავდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არის კომპეტენტური ხალხი და ისინი იმსჯელებენ ყველაფერზე, მიიღებენ ლოგიკურ გადაწყვეტილებას.
– როგორ გგონიათ, რა ფორმატით უნდა გაგრძელდეს ჩემპიონატი?
– მე ამ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, არ ვიყო ბოლომდე კომპეტენტური, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხზე არ ვსაუბრობთ, არ ვფიქრობთ… არის ხალხი, ვინც მიიღებს კომპეტენტურ გადაწყვეტილებას. ჩემს აზრს კი კიდევ ერთახელ დავაფიქსირებ: ქულების განულებას არ ვემხრობი, თუ ორ წრედ ვითამაშებთ, მგონი, არ იქნება ტრაგედია…
– არ შემიძლია, ფინანსურ ასპექტზე არ გკითხოთ. შექმნილმა ვითარებამ ბევრ კლუბს პირდაპირ დაარტყა. ამ მხრივ “სიონში” როგორ არის საქმე?
– ჩვენ ვისაუბრეთ კლუბის ხელმძღვანელობასთან, დირექტორ ლევან სანიკიძესთან… შევთანხმდით, რომ ვითარება რთულია, მაგრამ ფეხბურთელებს ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაარტყას. მათ ჰყავთ ოჯახები და არ იქნება სწორი ასე მოქცევა. ამ ეტაპზე ჩვენ “ქამრების შემოჭერა” არ გვემუქრება. კარგია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ასე გაგებით მოეკიდა ამ საკითხს.
გიორგი ოქროპირიძე: – ბოლნისში სიმშვიდეა. კარანტინში ვართ, მაგრამ ბოლომდე ვითვალისწინებთ, რომ ეს აუცილებელია. ქალაქში მოძრაობა ძალიან შემცირებულია. “სიონის” ბოლნისელი ფეხბურთელები სახლებში მონდომებით ვარჯიშობენ. მათ აქვთ ტურნიკები, სარბენი ბილიკები… სიმშვიდეა ყველგან. მაღაზიებში არ არის პროდუქტების დეფიციტი. ბოლნისში ბევრს აქვს საკუთარი სახლი. შესაბამისად, ხალხს აქვს ეზოში გასვლის საშუალება, ისინი არ არიან სახლში გამოკეტილები…