სასტუმრო მოხალისეში სფფ-ის ახალი საგანმანათლებლო პროგამის „უეფას საწვრთნელი პაკეტი სტიუარდებისთვის“ პირველი გამოშვება დასრულდა. 2-დან 6 აგვისტოს ჩათვლით, უეფადან მოწვეულმა სტუმრებმა კურსის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტიუარდინგის მნიშვნელობაზე და სტადიონზე უსაფრთხოების დაცვის სხვადასხვა ხერხების შესახებ ესაუბრნენ. სემინარების დასრულების შემდეგ, სასწავლო პროგრამაში მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა, რომლის საშუალებითაც ისინი სხვა მსურველთა გადამზადებას შეძლებენ. კურსებს სფფ-ის სტიუარდებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძო დაცვის კომპანიებისა და ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტიუარდების გადამზადების სემინარებზე ჩვენი კლუბიდან ბესიკ ბარათაშვილი იყო მივლინებული. სასწავლო პროცესს კი, სფფ-ის უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად უეფას უსაფრთხოების ოფიცერი სტეფან ტომასი, მისი კოლეგა ფრენკ ვინველდი და სტადიონების უსაფრთხოებისა და დაცვის სპეციალისტი კრის ბეიკერი უძღვებოდნენ.
ფოტო გამოყენებულია ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდიდან