ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში ბოლნისელებმა 2:1 მოუგეს “ჩიხურას”, ის თამაში გოშაძემ ისე ჩაატარა, ბევრი დიდი მეკარე რომ არ იტყოდა უარს. ერთ რამედ ღირდა მისი “სეივების” ნახვა. გუშინ “ლელო” ოთო გოშაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა:
– თავდაპირველად, “ჩიხურასთან” მატჩზე გკითხავთ. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეთ, რაშიც ძალიან დიდია თქვენი წვლილი…
– მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო ჩვენი გუნდისთვის. ვიბრძვით იმისთვის, რომ პლეი ოფის გარეშე დავრჩეთ უძლიერესთა შორის. მომდევნო ტურის შეხვედრა “რუსთავთან” გვაქვს და თუ მოვიგეთ, შანსი მნიშვნელოვნად გაგვეზრდება. რაც შეეხება “ჩიხურასთან” მატჩს, თავადაც დამეთანხმებით, დიდი ბრძოლა იყო…
– იყო თუ არა ეს მატჩი, ასე ვთქვათ, თქვენი “კარიერის მატჩი”?
– არა, ასე ვერ ვიტყოდი… “კარიერის მატჩი” არა, მაგრამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მაინც იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ის, რომ კარგად წამივიდა თამაში. ბოლო დროს უთამაშებელი ვიყავი. ეს არ არის იოლი… ერთგვარად, ჩრდილში მოვექეცი… იმედი მაქვს, “კარიერის მატჩი” ჯერ კიდევ წინ მაქვს.
– გავიხსენოთ ის ეპიზოდი, როცა “ჩიხურამ” გაიტანა. შეგეძლოთ რაიმეს შეცვლა?
– სიმართლე გითხრათ, უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას მჯეროდა, რომ არაფრის შეცვლა არ შემეძლო, მაგრამ… მას შემდეგ, რაც მორჩა თამაში და ვნახე ვიდეო… ალბათ, ცოტა ადრე რომ გამეკეთებინა ჩაჭრა, ან მეტად გამემაგრებინა ხელი, სხვანაირი სურათი იქნებოდა.
– თავად თქვით, ჩრდილში მოვექეციო. რატომ მოხდა ასე?
– თურქეთიდან რომ წამოვედი, დავბრუნდი “საბურთალოში” და გარდამავალ ჩემპიონატში ვითამაშე. მერე, 10-გუნდიანი ჩემპიონატის დაწყების წინ შეტაკებისას მივიღე ტრავმა. ერთი წელი ვერ ვთამაშობდი ფეხბურთს. “საბურთალოში” რომ გავაგრძელე თამაში, უკვე ლაზარე კუპატაძე იდგა კარში და ძალიან დამაჯერებლადაც თამაშობდა. ამის მერე მივედი თბილისის “დინამოში” და ისე მოხდა, რომ საერთოდ არ მოუციათ შანსი. გადავედი ბათუმის “დინამოში” და იქ მიხეილ ალავიძე დამხვდა. ის მაშინაც ისე თამაშობდა და დღესაც ისე თამაშობს, რომ არ ვიცი, ვინ უნდა მივიდეს ბათუმურ კლუბში, რომ ამოაგდოს შემადგენლობიდან… ჩემი შეცდომა, ალბათ, ისაა, რომ არასწორად ვირჩევდი გუნდებს. უნდა ამერჩია ისეთი კლუბი, სადაც მექნებოდა მეტი სათამაშო პრაქტიკა და ეს ნათლად დადასტურდა “სიონის” მაგალითზე. შეიძლება, ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი ამ გუნდში გადასვლით ამბიციებიდან გამომდინარე, მაგრამ ორი ნაბიჯი გადავდგი წინ, რადგან მეკარისთვის, და ზოგადად ფეხბურთელისთვის, აუცილებელია სათამაშო პრაქტიკა. საერთოდ, არავის მიმართ არ მაქვს პრეტენზია. ერთადერთი, მიმაჩნია, რომ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, “დინამოში” ერთ შანსს მაინც ვიმსახურებდი, მაგრამ… ახლა წარსულზე ფიქრის დრო აღარ არის. სეზონის ბოლომდე მაქვს კონტრაქტი “სიონთან” და მერე ვნახოთ, რა და როგორ იქნება…
– ყველა ფიქრობს საზღვარგარეთ წასვლაზე. მით უმეტეს, თქვენ უკვე ითამაშეთ თურქეთში…
– მოგეხსენებათ, მეკარისთვის რთულია უცხოეთში წასვლა. ვნახოთ, იქნება თუ არა ინტერესი. რომელიმე ამბიციურ ქართულ კლუბში გადასვლა უფრო რეალური მგონია. ეს სამომავლო პერსპექტივაა, დღეს კი “სიონის” ფეხბურთელი ვარ და მხოლოდ ამ გუნდის წარმატებაზე ვფიქრობ.
– ალბათ, საქართველოს ნაკრებში მოხვედრის ამბიცია გაქვთ…
– ჩემი მთავარი და უახლოესი მიზანი სწორედ ეს არის. მითამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის, უფროს ასაკებშიც. ახლა ეროვნულ გუნდში მოხვედრაზე ვფიქრობ…
– რეჟიმთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ვარჯიში არასოდეს გამიცდენია, არც არასოდეს დამზარებია. შინაგანად ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ვერ მოგატყუებთ – სავარჯიშო პროცესის გარეთ ვიცნობ არაერთ ფეხბურთელს, რომელიც, შეიძლება, ჩემზე უკეთ უვლის თავს და არის უფრო მეტად პროფესიონალი, მაგრამ რეჟიმს მეც ნამდვილად ვიცავ…
– ნაკლი, რომლის გამოსწორებაზეც ყველაზე მეტს მუშაობთ…
– ცაცია ვარ და, პირდაპირ ვიტყვი – მარჯვენა ფეხით თამაში მიჭირს. ამაზე ვმუშაობ. ალბათ, სხვა ყველა კომპონენტი საშუალოდ არის ჩემში განვითარებული და ყველაფერს სჭირდება მუშაობა იმისთვის, რომ ახალ დონეზე გავიდე. ერთსაც ვიტყვი – ყველგან, სადაც ვითამაშე, მეკარეების მწვრთნელები ყველგან მაღალი დონის იყვნენ, საბაზისო ცოდნაც მაქვს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა სულ სხვაა. ჩემს თავს ჩემზე უკეთ ვერავინ იცნობს – რაც “სიონში” მოვედი, მოვუმატე და ეს სწორედ სათამაშო პრაქტიკის დამსახურებაა.
– ვინ არიან მწვრთნელები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ ფეხბურთელად თქვენს ჩამოყალიბებაში?
– დავიწყებ “საბურთალოს” მეკარეთა მწვრთნელ ლევან ჭულუხაძით. დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ვიმუშავე მასთან. ასევე, მინდა აღვნიშნო გიორგი დევდარიანი, მასაც უდიდესი წვლილი მიუძღვის… დღესაც ვინარჩუნებ გიორგისთან ურთიერთობას. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ნოდარ აკობიას ამაგი. თავის დროზე სწორედ მასთან მიწევდა მუშაობა. ეს მაშინ, როცა “ფონდი არველაძის” ყურადღების ცენტრში მოვხვდი…