თეიმურაზ შალამბერიძის ინტერვიუ გაზეთ “ლელოსთან”

სიონის მთავარმა მწვრთნელმა გაზეთ “ლელოსთან” თურქული შეკრება შეაფასა. მისი თქმით, უცხოური შეკრება მნიშვნელოვანია ფეხბურთელების შესაძლებლობების გასარკვევად  და მიაჩნია, რომ გუნდი ფორმის პიკს 5-6 თამაშში მიაღწევს.  შალამბერიძე ინტერვიუში ამბობს, რომ  “სიონი” წელს ორმაგად ძლიერია…

ინტერვიუ ჟურნალისტმა ალეკო კაკაურიძემ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

– თავდაპირველად, თურქული შეკრება შეაფასეთ…

– იმის მიუხედავად, რომ დიდი სახსრები არ გვაქვს, კლუბის ხელმძღვანელობამ შეძლო და გაგვიკეთა თურქული შეკრება. ამისთვის მადლობა! ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება. თურქეთში წავედით არა მაინცდამაინც იმ განზრახვით, რომ ყველა თამაში მოგვეგო. რა თქმა უნდა, როცა მინდორზე გადიხარ, მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვი, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გვენახა თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები, გვეთამაშა და გვევარჯიშა კარგ მინდორზე… ეს ყველაფერი შევძელით. აქედან გამომდინარე, თურქულ შეკრებას დადებითად შევაფასებდი.

– ყველა მწვრთნელს თავისი გათვლა აქვს. თქვენი აზრით, როდისთვის უნდა მიაღწიოს “სიონმა” ფორმის პიკს?

– დამეთანხმებით, გუნდი ვერ იქნება ფორმის პიკში შეკრებიდან ჩამოსვლისთანავე. შეიძლება დაგეგმო ასეც, მაგრამ სეზონი დიდია და მერე ბოლომდე ჭირს პიკზე ყოფნა. მე მაინც მგონია, რომ სადღაც 4-5 თამაშია საჭირო საიმისოდ, რომ გუნდმა მიაღწიოს ფორმის პიკს. მერე ეს პიკი უნდა დაიჭირო და აკონტროლო.

– კარსმომდგარ სეზონში “სიონი” საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, “თამაზ სტეფანიაზე” გამართავს. ფაქტია, გუნდი საშინაო ასპარეზზე სულ სხვა ძალაა…

– მართალი ხართ. თუნდაც წინა სეზონის პლეი აუტის თამაში რომ ავიღოთ “გაგრასთან”, ხომ გახსოვთ, ბოლნისში ვითამაშეთ და ყველამ ნახა, რაოდენ დიდი იყო ჩვენი უპირატესობა. ფაქტია, ბოლნისი საფეხბურთო ქალაქია. იქ ფეხბურთი ძალიან მაგრად უყვართ, ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, საშინაო შეხვედრები სწორედ ბოლნისში ჩავატაროთ.

– თურქული შეკრების შემდეგ კიდევ ხომ არ გაგიძლიერებიათ გუნდი?

– არა, არ გვყავს ახალი ფეხბურთელი. ისე, იყო შეთავაზებები, მაგრამ არ იყო ისეთ ფეხბურთელებზე ლაპარაკი, გუნდი მნიშვნელოვნად რომ გაეძლიერებინათ.

– ლეგიონერების დამატებაზე არ ფიქრობთ?

– რა თქმა უნდა, ვფიქრობთ. უარს ნამდვილად არ ვიტყვით კვალიფიციურ ლეგიონერზე, მაგრამ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოჩნდება “სიონში”, თუ ოსტატობით ადგილობრივ ფეხბურთელზე მაღალი დონის იქნება.

– მთავარი მიზანი, ცხადია, ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა…

– რა თქმა უნდა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩვენი ფეხბურთელები ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავლენ მინდორზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ის ფეხბურთელები, რომლებიც “სიონში” მოვიდნენ, გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.