ბოლნისის სიონი 2024 წლის საფეხბურთო სეზონისთვის აქტიურად ემზადება. გუნდის შემადგენლობაში სიახლეებია. ბოლნისური კლუბის მაისური ახალმა ფეხბურთელებმა მოირგეს ( იხ. ინფ. სიონის facebook-ს გვერდზე). ამასთან, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ამხანაგური შეხვერა.
სანამ გუნდი აქტიურ მზადებას გადის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კალენდარიც ცნობილი გახდა. სიონი, ახალი სეზონის პირველ შეხვედრას, 8 მარტს, დებიუტანტ, სართიჭალის “შტურმის” წინააღმდეგ გამართავს.
როგორ ემზადება გუნდი და რა მოლოდინია ამის შესახებ სიონის მთავარ მწვრთნელს გიორგი ოქროპირიძეს ვესაუბრეთ:
“კალენდარი უკვე ცნობილია და შესაბამისად გარკვეულ ინფორმაციებსაც ვფლობთ გუნდების შევსებაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი ლიგა 2 იქნება. ვფიქრობ, 4-5 გუნდი იბრძოლებს გადასვლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მარტივი თამაშები არ იქნება. თითოეულ ქულას ოქროს ფასი ექნება.
რაც შეეხება კალენდარს, შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ. პირველივე ტურში დებიუტანტს ვხვდებით. ზოგადად სასტარტო მატჩი, ყოველთვის რთულია. ამიტომ, 8 მარტს, რთულ და დაძაბულ მატჩს ველოდები. რა თქმა უნდა,”შტურმს” მოტივაცია მაღალი ექნება , რადგან საკუთარ კედლებში ახალ აშენებულ სტადიონზე თამაშობენ. მაყურებლის მხრიდან ინტერესიც დიდი იქნება. საკმაოდ კარგი სასელექციო სამუშაოები გატარდა, თითქმის ყველა გუნდში, ასე რომ პროგნოზებიც რთული გასაკეთებელი იქნება.
ჩვენს გუნდში, ხელმძღვანელებთან ერთად სამწვრთნელო შტაბმა კარგი სამუშაოები გავწიეთ და მშვენიერი სელექცია გამოგვივიდა. შევეცდებით, მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენოთ, როგორც ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად, ასევე, გუნდის შესათამაშებლად.
ჩვენი მიზანი, ყველა თამაშზე მოსაგებად გასვლა და სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება იქნება”, – აღნიშნა გიორგი ოქროპირიძემ.
აქვე გეტყვით, რომ პირველ ამხანაგურ შეხვედრას, სიონი, 27 იანვარს, პირველი ტურის მეტოქესთან – “შტურმთან” გამართავს.