კომპანის PRMC-ს სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ეგიდით, წმინდა ნინოს სახელობის სკოლას საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონის“ წევრები და კამპანიის კეთილი ნების ელჩი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე, გიორგი ლომაია ეწვივნენ. სპორტსმენები მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე, დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრის დასასრულს, საფეხბურთო კლუბის წევრებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი გაიმართა.
კომპანია PRMC (პიარ მედია ქონსალთინგ) -ის სოციალური პროექტი – „ძლიერები არ ძალადობენ“, სლოგანით – „არ დაჩაგრო, იზრუნე“ – ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სპორტული სამყაროს კონსოლიდირებას ბულინგის, ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ.
“ბოლნისის “სიონი” უერთდება კამპანიას – ძლიერები არ ძალადობენ. მოზარდების სპორტში ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან სპორტი ქმნის ჯანსაღ გარემოს, სპორტით დაკავებულმა ბავშვმა იცის თუ სად მიმართოს თავისი ძალები. ფეხბურთი გუნდური სპორტია და აქ ყველაზე მეტად ფასდება ურთიერთდამოკიდებულება. დღეს, ჩვენ აქ მოვედით, რათა მოზარდებს ვუთხრათ – არ დაჩაგრონ, იზრუნონ ერთმანეთზე. მინდა მათ ვუთხრა რომ ძალადობა სისუტეა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ბულინგი ხშირად ხდება, ამიტომ მინდა ვუთხრა ჩემს პატარა მეგობრებს – ერთად შევაჩეროთ ბულინგი”, – განაცხადა “სიონის” კაპიტანმა ლევან ხმალაძემ.