გიორგი ჩოჩიშვილი: ევროპამ წინ წამწია, დიდი გამოცდილება მივიღე

ევროპაში მიღებული გამოცდილება და საქართველოში დაბრუნება. რატომ გააკეთა გიორგი ჩოჩიშვილმა არჩევანი “სიონზე”, როგორ მოახდინა ადაპტაცია, რა მოლოდინები აქვს ახალგაზდა ფეხბურთელს და სხვა საინტერესო თემებზე გაზეთ “ლელო” “სიონის” ახალწვეულსა და ახალგაზრდული ნაკრების მეკარეს ესაუბრა…

 

– ცოტა შორიდან დავიწყოთ. გაიხსენეთ “სლავიაში” გატარებული პერიოდი. ამ კლუბის ძირითად გუნდში თამაშის შანსი არ მოგეცათ. რა იყო მიზეზი?

– ვითამაშე “სლავიას” 21-წლამდელთა შემადგენლობაში, დაახლოებით 10 მატჩი ჩავატარე. ამის შემდეგ იჯარით გამიშვეს სლოვაკეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბში და იქაც ვითამაშე. მოხდა ისე, რომ “სლავიაში” შეიცვალა ხელმძღვანელობა.

მოვიდა ახალი სპორტული დირექტორი, რომელსაც სრულიად სხვანაირი ხედვა ჰქონდა. ეს მხოლოდ მე როდი შემეხო, კიდევ არაერთ ლეგიონერი აღმოჩნდა ანალოგიურ მდგომარეობაში. ასე რომ, ჩემს აგენტებთან ერთად გადავწყვიტე – ამ სიტუაციაში ნოემბრამდე საქართველოში ჩამოსვლა და უმაღლეს ლიგაში გამოცდილების მიღება ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნებოდა.

– “ზლატე მორავცეში”როგორ აეწყო თქვენი საქმეები?

– როცა ლეგიონერი თამაშობს მისთვის უცხო ქვეყანაში, მისთვის ორმაგად და სამმაგად რთულია, მაგრამ მე თამამად ვიტყვი, რომ სლოვაკეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. იქ ნახევარი სეზონით ვიყავი, იჯარა მორჩა და დავბრუნდი “სლავიაში”.

– რას იტყვით თქვენს ახალ კლუბზე? როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი ბოლნისის “სიონში”? ევროპაში გატარებული დროის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე გადმორთვა რთული ხომ არ იქნება თქვენთვის?

– სპორტსმენისთვის თითქმის ყოველთვის გაურკვეველია მისი მომავალი. შეიძლება, რაღაც პერიოდში იყოს აღმასვლა და მერე ამას მოჰყვეს დაღმასვლა. ამას ვამბობ ზოგადად. რაც შეეხება “სიონს”, კარგი, შეკრული გუნდია, ეს კი მთავარია. ჩვენ, ყველას, ერთი მიზანი და იმედი გვამოძრავებს – “სიონმა” უმაღლეს ლიგაში ადგილი უნდა შეინარჩუნოს.

– საინტერესოა, რატომ შეაჩერეთ არჩევანი “სიონზე” და თუ იყო ინტერესი სხვა კლუბების მხრიდან?

– “სიონი” უმაღლესი ლიგის გუნდია და მე ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე გუნდი შეიძლება მასზე უკეთესი იყოს. ეს მიუხედავად იმისა, თუ რა სატურნირო მდგომარეობა აქვს კლუბს.

ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ მეც და ჩემმა აგენტებმაც, “სიონში” რომ მოვედი. დარწმუნებული ვარ, აქ მომეცემა თავის გამოჩენის საშუალება. პირადად მე და ჩემი პარტნიორები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ “სიონი” უმაღლეს ლიგაში დარჩეს.

– ევროპაში წასვლის შემდეგ თუ ადევნებდით თვალს საქართველოს ჩემპიონატს და რას იტყვით მიმდინარე პირველობაზე?

– შეიძლება ხშირად არა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებდი. ჩემი ქვეყნის ჩემპიონატია და თავისთავად მაინტერესებდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები.

შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატი წინ წავიდა. ახლა დაინერგა “პოლარის” სისტემა და ეს მნიშვნელოვანია. ბევრი ლეგიონერი ჩამოდის უმაღლეს ლიგაში. ამასთან, მთავარია, რომ ჩვენმა კლუბებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროთასებზეც კარგად წარმოაჩინონ თავი. ეს იქნება ჩვენი კლუბების დამაგვირგვინებელი საფეხური პროგრესის ჯაჭვში.

– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი, როგორც მეკარის ნაკლი და ღირსება? რაში უნდა მოუმატოთ, რომელ კომპონენტს სჭირდება დახვეწა თქვენს თამაშში?

– როცა “სლავიასა” და სლოვაკეთში ვიყავი, მქონდა ერთწლიანი სამეკარეო კურსები. იქ ყველაფრის თავიდან სწავლა მომიხდა იმ მხრივ, რომ, პრაქტიკულად, ყველაფერს თავიდან გვასწავლიდნენ – ყველა კომპონენტს, რაც მეკარისთვის აუცილებელია. რა თქმა უნდა, უნაკლო არავინაა, შეცდომები ყველას აქვს… ვფიქრობ, ძალიან გავიზარდე. ევროპაში გატარებულმა დრომ წინ წამწია, დიდი გამოცდილება მივიღე.

– საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზეც გკითხავთ. რას ელით ევროშესარჩევი ციკლის დარჩენილი მატჩებისგან?

– ზოგადად, რეალისტი ვარ და ამ კითხვასაც რეალურად ვუპასუხებ. მოლოდინი იმისა, რომ ჯგუფიდან გავალთ, არ უნდა გვქონდეს. ეს თითქმის წარმოუდგენელია.

ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ. გუნდს ჰყავს ახალი მწვრთნელი და ვფიქრობ, მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გაცილებით კარგ ფეხბურთს თამაშობს – ბევრად უფრო დალაგებული ტაქტიკით და შეტევაზე ორიენტაციით. ამას წინათ, იყო ამხანაგური მატჩები უელსის ნაკრებთან, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა.

ჩემი აზრით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები არის გუნდი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ის ბიჭები, რომლებმაც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ვითამაშეთ, აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს!

– საინტერესოა, რომელ კლუბს ქომაგობთ, რომელი ნაკრებია თქვენი ფავორიტი?

– “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ. რაც შეეხება ნაკრებს, ამ მუნდიალზე არგენტინას ვქომაგობდი. ძალიან გამიცრუეს იმედები… დღეს ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა და გადაჭრით ვერ იტყვი, რომელი გუნდი თუ ნაკრები რომელს მოუგებს. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დღეს “ბარსელონა” ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში.

– ზოგადად მუნდიალზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

– ასეთი უცნაური მსოფლიოს ჩემპიონატი არასოდეს მინახავს. ისეთი ქვეყნების ნაკრებები გავიდნენ მეოთხედფინალში… ჩემი აზრით, რუსეთის ნაკრები არ უნდა გადიოდეს მეოთხედფინალში.

მასზე ბევრად ძლიერი ნაკრებები იყვნენ, მაგრამ შეთამაშება აკლდათ. ალბათ, მაინც ობიექტურად დასრულდა მუნდიალი, საფრანგეთმა რომ მოიგო. ხორვატიას რომ გაემარჯვა, ალბათ საფეხბურთო წესრიგი მთლიანად შეიცვლებოდა მსოფლიოში.