ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ

თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ 9ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი, უშუალოდ კლუბების წარმომადგენელთაგან ჩემპიონატში არსებული ვითარების თაობაზე ინფორმაციის მიღება იყო. მონაწილეებმა არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს და მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში არსებული საკითხების მოგვარებაზე იმსჯელეს.

საფეხბურთო კლუბ ბოლნისის “სიონიდან” სამუშაო შეხვედრას გუნდის გია გიორბელიძე  და ლიცენზირების მენეჯერი პაატა აბულაძე  ესწრებოდნენ. შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრების უმთავრესი მიზანი, კლუბების მოსაზრებების მოსმენა და შემდგომში მათი გათვალისწინებაა. დავით მუჯირმა იმ თემებზეც ისაუბრა, რომელის განხორციელებასაც მომავალი სეზონიდან ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს, ეროვნული ლიგის განვითარებასა და პოპულარიზაციისთვის.

„მოგეხსენებათ ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი გვაქვს წინ. ამასთანავე მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად გარკვეული დრო გვჭირდება. მოვისმინეთ ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომლის წინაშეც კლუბები და ფედერაცია აღმოჩნდნენ, როგორც მიმდინარე ისე გასულ სეზონში. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. შევეცდებით, დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერებული ყველა სურვილი მომდევნო სეზონში გავითვალისწინოთ. ეროვნული ჩემპიონატი წლიდან წლამდე პროგრესირებს და ჩვენი სურვილია, რომ ეს იყოს პერმანენტული. სწორედ ამიტომ გვსურდა, რომ ყველა კლუბის მოსაზრება მოგვესმინა. წინ გვაქვს თასის ფინალი, ჩემპიონატის დასკვნითი ტურები და პლეიოფები.  მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო. მომავალი სეზონისთვის სამზადისი უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, დღევანდელი საუბარი ასევე შეეხო იმ პროექტებსა და სავარაუდო სიახლეებს, რომელიც მომავალი სეზონიდან შესაძლოა დაინერგოს“ – აღნიშნა დავით მუჯირმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კლუბების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მონაწილე კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულ რეჟიმში გააგრძელებს.

 

ფოტო გამოყენებულია სფფ-ს ვებ გვერდიდან