ოქროს  ქულისთვის ბრძოლა “თამაზ სტეფანიაზე” შედგება – სიონი vs რუსთავი

თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, დღეს, დიდი ბრძოლა გაიმართება. ქვემო ქართლის გუნდების დაპირისპირებაში, სამ ქულას ოქროს ფასი აქვს.  სეზონის დასრულებამდე ოთხი ტური რჩება. ამ მომენტისთვის კი, “სიონი” და “რუსთავი” გათამაშების ცხრილში მეზობლები არიან და სახიფათო ზონიდან თავის დაღწევას ცდილობენ. მოგების შემთხვევაში, ბოლნისური კლუბს დიდი შანსი აქვს  მეცხრე პოზიციას თავი დააღწიოს და მერვე პოზიციაზე გადაინაცვლოს. ხოლო, კილასონიას გაწვრთნილი გუნდი, მოგების შემთხვევაში, 40 ქულას დააგროვებს და დაელოდება კონკურენტ   გორის “დილას”, რომელიც   მოქმედ ჩემპიონს ,  “საბურთალოს 3 ნოემბერს, “თენგიზ ბურჯანაძეზე”  უმასპინძლებს.

ბოლნისის “სიონმა” 32 შეხვედრაში, 9 მოიგო , 8 ფრე ითამაშა და 15 მატჩი წააგო. გაიტანა 34 გოლი და საკუთარ კარში 70 ბურთი მიიღო.

“კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მიმდინარე სეზონში, თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა, “რუსთავთან”, ორი შეხვედრა ფრე ითამაშა და ერთიც წააგო. ეს გუნდები ერთმანეთს, საქართველოს თასის გათამაშების 1/8 ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება კილასონიას შეგირდებს  დარჩათ (2-0).

“სიონი” – “რუსთავის” დაპირისპირება, დღეს, 2 ნოემბერს, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, www.eliga.ge-ი განახორციელებს.