ბოლნისის “სიონი” ეროვნული ლიგა ერთის 31-ე ტურის შეხვედრას გორის “დილას” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა, ხვალ, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 15:00 საათზე გაიმართება.
ეროვნული ლიგის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. ბოლნისური კლუბი 25 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე პოზიციაზეა. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდი ეროვნულ ლიგა ერთში დასარჩენად იბრძვის. პლეი აუტის ზონიდან თავის დასაღწევად “სიონს” დარჩენილ ტურებში, მაქსიმალური ქულების აღება მართებს.
მიმდინარე სეზონში ბოლნისის “სიონი”, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საშინაო თამაშებს საკუთარ კედლებში ვერ ატარებს. მოგეხსენებათ, ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციამ მინდვრის ახალი საფარის სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა. სამწუხაროდ, სამუშაოები დაიწყო გვიან და დროში გაიწელა. სპეციალისტების გადაწყვეტილებით, მინდვრის საფარი ჯერ კიდევ მზად არაა. ამიტომ, გუნდს კვლავ ნეიტრალურ მოედანზე უწევს თამაშების გამართვა.
მიმდინარე სეზონში, გუნდები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ. “სიონმა” ერთი შეხვედრა დათმო, ხოლო ორი ფრე ითამაშა.
მე-4 ტური. თენგიზ ბურჯანაძე – გორი
დილა – სიონი 3-2
მე-13 ტური. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
სიონი – დილა 2-2
22-ე ტური. თენგიზ ბურჯანაძე -გორი
დილა – სიონი 0-0