ვიტ ჯორჯია vs სიონი – მატჩისწინა კომენტარები

ბოლნისის სიონმა ბოლო მატჩი ეროვნულ ლიგა 2-ში წყალტუბოში ჩაატარა, სადაც 2-0 დამარცხდა. ბოლნისურ კლუბში მოსვლის შემდეგ, ვარლამ კილასონიასთვის  ეს პირველი მარცხი იყო. შემდეგ იყო სანაკრებო პაუზა და აქტიური მზადება მორიგი მატჩისთვის. 

“სიონის” მიზანი უმაღლ ლიგაში დაბრუნებაა და სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ყველა ქულა ძვირფასია. ვიტ ჯორჯია ბოლნისური კლუბისთვის ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო. თუნდაც ბოლო შეხვედრა რომ გავიხსენოთ. ბოლნისელებმა საშინაო არენაზე მარცხი იწვნიეს.  მაშინ ჩვენი გუნდის სათავეში “ვეტერინარების” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი დავით ქოქიაშვილი გახლდათ.  შეძლებს თუ არა სიონი რეაბილიტაციას და მასპინძელთან სამი ქულის მოპოვებას, ამას 20 ოქტომბერს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ვნახავთ.

12 ტურის შემდეგ სიონი 17 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. ამ პერიოდში 4 თამაში მოიგო, 5 ფრე ითამაშა და 3 წააგო. გაიტანა 16 ბურთი და საკუთარ კარში 14 მიიღო.

მიმდინარე სეზონში, სიონის მაისურით გატანილი პირველი გოლის ავტორი ვასიკო გოგოლიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მოსაგებად გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს და უხერხულ მეტოქესთან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვოს.

“ჩვენი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი თამაშია ისევე, როგორც უკვე ყველა მატჩი, რადგან სეზონის ფინიშია. რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას, ეს გუნდი სიონისთვის ყოველთვის არასასიამოვნო მეტოქე იყო. პირველ წრეში საკუთარ კედლებში დავმარცხდით და გვეძლევა შანსი, ამჯერად, მათ მოედანზე ჩვენ ვიზეიმოთ გამარჯვება”, – აღნიშნა გოგოლიძემ.

 

სიონის ახალი კაპიტნის ვაჟა ლომაშვილის თქმით, განვლილი თამაშები უნდა დაივიწყოს გუნდმა და კონკრეტულ თამაშზე კონცენტრირდეს. რადგან გუნდისთვის სამი ქულის მოპოვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

“სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ვიტ ჯორჯია უხერხული მეტოქეა, თუმცა წარსულ თამაშებზე ფიქრს ახლა თავი უნდა დავანებოთ და მთლიანად ვკონცენტრირდეთ ამ შეხვედრაზე. ჩვენ გვსურს, რომ პლეი ოფის ზონაში დავასრულოთ ჩემპიონატი და ამისთვის სასიცოცხლოდ გვჭირდება გამარჯვება.

 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიერ არჩეული პირველი წრის საუკეთესო გუნდის წევრი ზვიად სიხარულია, გასულ ტურში დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ვერ დაეხმარა, თუმცა, ის ამჯერად მზადა გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

“გუნდში კარგი განწყობაა, ვიცით, როგორი მნიშვნელოვანი თამაშია და ყველანაირად ვეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. სიონი სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა და ქულებს თუ გადავხედავთ დიდი შანსია სასურველ პოზიციაზე ვიყოთ ან უარეს შედეგამდე მივიდეთ. ამიტომ, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდ გავაცნობიეროთ ეს ყველაფერი და მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ.

ექვსი მატჩი გვაქვს დარჩენილი, რომელიც ფინალის ტოლფასია. აუცილებლად გვმართებს ამ თამაშების სასურველ შედეგებამდე მიყვანა. ვფიქრობ, ამის უნარი ნამდვილად გვაქვს, მინიმუმ პლეი ოფის ზონაში უნდა მოვხვდეთ”,- განაცხადა სიხარულიამ.

ვიტ ჯორჯია – სიონის მატჩი, 20 ოქტომბერს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე გაიმართება.